ზე-კარი

ჯერ უკვე აბასთუმანში გაგიელვებს კაცს აზრი: მგონი ცას მივუახლოვდიო, თითქოსდა კოსმოსს ჭერი დაუდაბლდაო. ტელესკოპშიც თუ გაიხედე, და შეიძლება იუპიტერს ან სატურნს უცებ ისე მიესალმო, აი შორიდან რო უყურებ ნაცნობს, გგონია რომ ვერ გხედავს, და უცებ მიხვდები რომ ისიც გიყურებს.

35352551936_2ba00edd72_o

საოცარი რამაა ეს ადამიანი. ერთია როცა მოლოდინი გაქვს რომ გაგიჟდები და მეორეა როცა იმავეს ნახავ მოულოდნელად. აბასთუმნის მიმართ მოლოდინები კიდევ გასაგებია, მაგრამ მის ზემოთ, ზეცას თუ კარი ექნებოდა მაგას როგორ ვიფიქრებდი.

ჰოდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში რომ შეხვალთ მერე სიჩუმეს მიყევით. უფრო ღრმად და მაღლა უფრო ჩუმი ხდება ეგ სიჩუმეც, ჰა-ჰა მწერების ხმას თუ გაიგებთ (თუმცა სიჩუმის შეგრძნებას უხდება მწერი… ამწვავებს სიჩუმეს).

კიდევ თუ გაყვებით გზას (“თუ” კი არა, “რომ”), და უკვე კარგა მაღლა იქნებით, ჩალაგებული მთების მთელი კარტოთეკა გამოჩნდება. თითო ქედს სათითაოდ თვალი რომ გააყოლოთ გეგონებათ…. აი წარმოიდგინეთ, რომ ნოტები არ იცით და ისე უნდა დახატოთ მუსიკა. რაღაც ხაზებით გახაზული მელოდიები, ქვემოთ მსუყე ბანები მუქად, ზემოთ ვიოლინოები მკრთალად. შუა რეგისტრი მწვანე. თბილი – აქეთ. იქეთ გრილი.

IMG_2066

ბუნება იმის ბუნებაა ყველაფერ ბუნებრივს რომ ბუნებრივად მიისაკუთრებს. ეს ცხენიც, მიუხედავად მისი უმსგავსო მანერებისა, ასე ბუნებრივად ეწერა ამ ბუნებაში.

35017337490_12aa43d5de_o

დახვეწილი მანერით აქ არც ძროხები გამოირჩევიან, თუმცა რამე რო უთხრათ ისეთი სახით გამოგხედავენ, ცალ წარბაწეული, რომ უკან დაიხევთ და იტყვით – “არა რას ბრძანებთ, მე თქვენ არ მიგულისხმიხართ ბატონო”.

35017401420_11bf3393ca_o

არ ვიცი ძველი ხალხი რას ხედავდა, როცა ხარის რქებში მოქცეულ მზეს თაყვანს სცემდა, მაგრამ ზეკარის უღელტეხილზე მზის ჩასვლას თუ მოუსწრებთ, ნახავთ თუ როგორ დარაჯობენ ისინი ზეცას.

IMG_2030

მზეს ეუბნებიან: შენ დაიძინე, ჩვენ ცოტას გიყარაულებთო…

34594924673_38a3be62e4_o

ეს მთვარე კიდე მგონი ჯერ არ აპირებს ძილს, წავალ ცოტას გავისეირნებო…

IMG_2042

შემდეგ გზა ისევ ქვემოთ წაგიყვანთ. ალპურ ზონას ისევ კალათბურთელი ხეები ჩაანაცვლებენ. გულში გაიფიქრებთ – დავიჯერო შვეიცარია ამაზე უკეთესიაო? გაიხედავთ და შეიძლება თვალები მოიფშვნიტოთ და გეგონოთ რომ მართლა შვეიცარიაში ხართ. ეს საირმეა.

35364871596_d5f355ebe3_o

საირმე ცის და მიწის შორისაა. ჩამოსვლას გიადვილებს. პირდაპირ რომ არ დაენარცხო. ცოტა შეისვენო. რაც ნახე ის რომ მოინელო. მინერალურ წყალს ხომ არ დააყოლებთო, გეტყვის, და გააგრძელებ გზას.

35274817931_58c69e4148_o

რა ვიცი, ალბათ რომ მცოდნოდა რის სანახავადაც მივდიოდი ასე არ იმოქმედებდა, უფრო მხნედ დავხვდებოდი ამ ყველაფერს, მაგრამ ასე მოულოდნელად დანახულმა ორი რამ დამიტოვა საფიქრალში:

  • ნეტა რას მღეროდნენ ის მთები, და
  • ნეტა რა აამღერეს ჩემში

 

Advertisements

About Andro Dgebuadze

Thinker, Software Developer, Musician
This entry was posted in Other. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s